Top
ონლაინ დახმარება

 

აშშ ელჩი ბათუმის ბიუროს ესტუმრა

9 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი ლია კაპლანი, ამავე პროექტის მენეჯერი რუსუდან ტაბატაძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საპატიო სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილე ნინო მელაძემ. პრეზენტაცია მოიცავდა იმ პროექტებს, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მხარდაჭერით ხორციელდება. კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც აღნიშნული პროექტების საშუალებით იქნა მიღწეული ისაუბრეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანმა და ანალიტიკური სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ.

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ სტუმრებს გააცნო რეგიონში არსებული მდგომარეობა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები ბიუროს მიერ ნაწარმოები საქმეებისა და უფასო სამართლებრივი დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა შესახებ.

ელჩმა კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობა მართლმსაჯულების სისტემაში, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს საქართველოში უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და შემდგომი პროექტების მხარდაჭერას.