იურიდიული კონსულტაციის მიღების და სამართლებრივი დოკუმენტის შედგენის მიზნით, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართეს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის წევრებმა. ოჯახში დედა, მამა და არასრულწლოვანი შვილი არიან. მშობლებს სურდათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მათთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე მიწის ნაკვეთის დაყოფა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. ამავდროულად, დაყოფილი ფართების თანამესაკუთრე, დედასთან ერთად, არასრულწლოვანი შვილიც იქნებოდა. თუმცა ოჯახს მიწის ნაკვეთის დაყოფის თაობაზე წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ უარი უთხრა - არასრულწლოვანის ინტერესზე მითითებით.
ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ შეადგინა განაცხადი და მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერ წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ადვოკატმა სხვადასხვა სამართლებრივი აქტებითა და ფაქტობრივი მდგომარეობით დაასაბუთა, რომ მიწის ნაკვეთის დაყოფით არ ირღვეოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უძრავი ქონების რეგისტრაციას არანაირი სამართლებრივი დაბრკოლებები არ ჰქონდა.
საბოლოოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ დააკმაყოფილა საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის წინა გადაწყვეტილებები, განახლდა საქმის წარმოება და დაკმაყოფილდა დევნილი ოჯახის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.