Top
ონლაინ დახმარება

 

არასრულწლოვნის მიმართ შეწყდა ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაწყებული ადამინისტრაციული სამართალწარმოება

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არასრულწლოვანი თ.ს–ის მიმართ (ადმინისტრაციულ სამართალდართვევის კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით).

არასრულწლოვნის მიმართ შედგენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ს. იგინებოდა და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე; პოლიციის მოთხოვნას – შეეწყვიტა ამგვარი ქმედება – თ.ს. არ დაემორჩილა და სამართალდამცავებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საპატრულო პოლიციის მომართვის საფუძველზე, არასრულწლოვნის დაცვა დაევალა იურიდიული დახმარების სამასახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატს, მაია გრიგოლიშვილს.  საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ თ.ს. –ის მიმართ ადმინისტრაციული საქმე აწარმოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არასპეციალიზირებულმა პირმა, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა, მაია გრიგოლიშვილმა, ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნულ გარემოებაზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა.

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის პოზიცია და  არასრულწლოვანის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოების საქმე.

ცნობისათვის: 2016 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საქმეების განხილვას მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზებული პირების მიერ.

კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურში შექმნილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არასრულწლოვანს, პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.