Top
ონლაინ დახმარება

 

სენაკში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილ სამართლებრივ სერვისებს გაეცნენ

13 აპრილს, სენაკში, ე.წ. „სამხედრო ქალაქის“ დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს იურისტთა ჯგუფი ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატები, ასევე  პროექტის – ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ იურისტები შედიოდნენ. აღნიშნულ პროექტს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები – "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" და "ფონდი ტასო" ახორციელებენ.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დევნილთათვის განკუთვნილი სამართლებრივი სერვისების შესახებ.

დევნილები ძირითადად ინტერესდებოდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური უფლებები, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები და სხვა.

დევნილთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები პერიოდულად ახორცილებენ ვიზიტებს დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში.