Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, დევნილთა ოჯახმა სასამართლოში დავა მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, აბელ გეგიას, დახმარებით, დევნილთა ოჯახმა მოიგო სასამართლო დავა, რომელიც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს ეხებოდა.

აფხაზეთიდან დევნილმა მზიური ქ.–მ იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა მას შემდეგ, რაც დევნილთა სამინისტოსგან მიიღო უარი მისი ხუთწევრიანი ოჯახის  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. უარის საფუძველი გახდა სამინისტროს პოზიცია, რომ, განაცხადის შევსებისას, მზიური ქ.–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, რა შემთხვევაშიც ოჯახი საცხოვრებლად 65–დან 80 კვ. მეტრამდე ფართს მიიღებდა.  სინამდვილეში კი მზიური ქ.–ის ოჯახის წევრები – ვაჟი, რძალი და ორი შვილიშვილი ცალკე მცხოვრებ ოჯახს წარმოადგენდნენ და მათი საკითხი განაცხადების ცალ–ცალკე შემოტანის  შემთხვევაში განიხილებოდა.

თავის პოზიციას დევნილთა სამინისტრო ასაბუთებდა იმ გარემოებებით, რომ მზიური ქ.–ის რძალი დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცალკე ნომრით იყო რეგისტრირებული. ამასთან, ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესამოწმებლად მისულ სამინისტოს თანამშრომელს ადგილზე მხოლოდ ქალბატონი მზიური დახვდა.

საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის, აბელ გეგიას, ჩართვის შემდეგ დადგინდა, რომ დევნილთა სამინისტრომ მზიური ქ.–ის განაცხადი საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, მზიური ქ., ვაჟთან ერთად, ხობში, ყოფილი რაიკომის ავარიულ შენობაში, 11 კვ.მ. ოთახში 1999 წლიდან ცხოვრობდა. შენობას არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი და ელექტროენერგია, რაც იქ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლის ხდიდა, განსაკუთრებით – მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, რომლებიც მზიური ქ.–ის ვაჟის ქორწინების შემდეგ გაჩნდნენ. ამ პირობებში, მშობლები, ბავშვებთან ერთად, იძულებულნი იყვნენ, ნათესავებთან ეცხოვრათ.

ადვოკატ აბელ გეგიას მტკიცებით, სამინისტრომ საკმარისი არ იღონა ოჯახის საცხოვრებელი მდგომრეობის შესასწავლად. მზიური ქ.–ის არ მიეცა შესაძლებლობა, სამინისტროსთვის წარედგინა თავისი მტკიცებულებები. ხოლო ის ფაქტი, რომ მონიტორინგზე მისულ სამინისტროს თანამშრომელს ოჯახი სრული შემადგენლობით არ დახვდა, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მზიური ქ.–ის ვაჟის ოჯახი მართლაც ცალკე ოჯახად ჩათვლილიყო.

საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია: ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა სამინისტროს ის გადაწყვეტილებები, რომლითაც მზიური ქ.–ის განაცხადი არ დაკმაყოფილდა. სამინისტროს მზიური ქ.–ის ოჯახის საკითხის შესწავლა და საცხოვრებელი ფართის თაობაზე ახალი სამართლებრივი აქტის მიღება დაევალა.