Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ გვანცა შელიას ძალისხმევით ბრალდებული სრულად გამართლდა

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს  მომართვის საფუძველზე, 2017 წლის მარტის თვიდან იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელო–ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი გვანცა შელია დაინიშნა მოქალაქე რ.ს–ს ინტერესების დამცველად. გამოძიება  მიმდინარეობდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის  პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).  აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით.  

ბრალდების დადგენილებაში ეწერა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ფოთში ლოლუასა და ჭანტურიას ქუჩების გადაკვეთაზე, საკუთარი, ,,ბმვ–ს“ მარკის  ავტომობილით მოძრავმა რ.ს.–მ, საგზაო ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და   გზაჯვარედინზე არ დაუთმო გზა მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას, შეუჩერებლივ შევიდა გზაჯვარედინზე და შეეჯახა მარჯვენა მხრიდან მოძრავ ზ. ბ.–ს მართვის ქვეშ მყოფ  ,,ოპელ ვექტრა–ს“.  აღნიშნულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია ზ.ბ.– ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საზოგადოებრივი ადვოკატი გვანცა შელია საქმეში იმ დროს ჩაერთო, როცა რ.ს.–სთნ მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. თუმცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, ადვოკატისთვის  ნათელი გახდა, რომ რ. ს.-ს მიმართ წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დასტურდებოდა  – მათ შორის,  არც  ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი. ასევე საეჭვო აღმოჩნდა დაზარალებული ზ.ბ.–ს დაზიანებები, რომელიც მას სავარაუდოდ ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად  არ მიუღია.   

ადვოკატის მიერ გაწეული სათანადო კონსულტაციის  შემდეგ, ბრალდებულმა რ.ს.–მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე. სასამართლო პროცესზე  დაზარალებულიც გამოკითხა. მან განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალეულობით, რადგან სწორედ ის არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „დაუთმე გზა,“ რომელიც გავლის უპირატესობას ანიჭებდა სწორედ ბრლადებულს. მისივე განმარტებით,  ამის შესახებ მან განუცხადა გამომძიებელს და სასამართლოს ისიც მოახსენა, რომ სხეულის დაზიანებები არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, არამედ  ავტოავარიამდე 10–15 დღით ადრე მიიღო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო  სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიაკითხა. მკურნალობდა ექიმბაშის მალამოებით. მან ასევე განაცხადა, რომ არ წაუკითხავს ჩვენება რომელიც გამომძიებელმა შეადგინა და ისე მოაწერა ხელი. საქმეში ჩართულმა ოფიციალურმა სამედიცინო ექსპერტმა ასევე შეუძლებლად მიიჩნია ზ.ბ–ს სხეული დაზიანებების სავარაუდო მიზეზის და ხანდაზმულობის დადგენა.
დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ავტოტექნიკური ექსპერტის ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა რომ ორივე ავტომანქანის მძღოლს ქონდა ვალდებულება გზა დაეთმოთ ერთმანეთისთვის. თუმცა ბრალი მხოლოდ რ.ს.–ს ჰქონდა წარდგენილი.  გარდა ამისა სასამართლო პროცესზე  დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული, ურთიერთავსებადი და ეჭვის გამომრიცხავი.
საბოლოო ჯამში,  2017 წლის 21 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლემ მთლიანად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის–გვანცა შელიას პოზიცია და გამოტანა ბრალდებულ  რ. ს. სრულად გამამართლებელი განაჩენი