Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატმა ალა კეიდიამ საქმე მოიგო

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა ასოციაცია “მერკურის “ ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებულმა, ოთხი არასრულწლოვანი ბავშვის დედამ, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთად ცხოვრობდნენ. თუმცა, განქორწინების შემდეგ ყოფილმა ქმარმა დედამთილს ჩუქებით გადაუფორმა აღნიშნული სახლი, რათა თავიდან აეცილებინა ყოფილ მეუღლესთან ქონების გაყოფა. ვიდრე ყოფილი ქმარი სახლს გაყიდდა, ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დასაცავად ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე წილის გამოყოფა მოითხოვა. 

 ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის- ალა კეიდიას მოთხოვნით, სასამართლომ არსებულ უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. მომდევნო ეტაპზე, საზოგადოებრივმა ადვოკატმა მიაღწია შეთანხმებას, რომ ბავშვების მამა გააუქმებდა სახლის "გაჩუქების" ხელშეკრულებას და ბავშვებს გადასცემდა უძრავ ქონებას. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნები - სახლს მოეხსნა ყადაღა და უძრავი ქონების მესაკუთრედ, მამასთან ერთად ოთხი არასრულწლოვანი შვილიც დარეგისტრირდა. 
 აღსანიშნავია, რომ ასოციაცია "მერკურსა" და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი ადვოკატები "მერკურის" თავშესაფარში მყოფ არაერთ ბენეფიციარს დაეხმარნენ.