Top
ონლაინ დახმარება

 

მცხეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის ნათია ბერძენიშვილის ძალისხმევით არასრულწლოვანი დედას დაუბრუნდა

მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავდა არასრულწლოვანი მ.ა.-ს მშობლების საცხოვრებელი ადგილიდან განცალკევების ვადის გაგრძელების საკითხს. არასრულწლოვანის ინტერესებს იცავდა მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი. არასრულწლოვანი მ. ა. რამდენიმე წლის განმავლობაში საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა, სადაც ის დედის საპატიმრო დაწესებულებაში მოხვედრის გამო აღმოჩნდა. თუმცა დედა გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა შვილისთვის მოეწყო შესაფერისი საცხოვრებელი პირობები ,   იჩენდა მზრუნველობას მაშინაც , როდესაც ბავშვი იყო სახელმწიფო ზრუნვაში, სურდა შვილის დაბრუნება.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა არასრულწლოვანის მშობლებისაგან განცალკევების ვადის კიდევ 6 თვით გაგრძელების თაობაზე. ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი შეხვდა არასრულწლოვანს, მის მშობელს, ადგილზე მოინახულა ბავშვის საცხოვრებელი პირობები, შეისწავლა დედის საქმიანობა და ბავშვის დედასთან საცხოვრებლად დაბრუნების მოთხოვნით, შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს. მოსამართლემ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან მოხსნა და დედას დაუბრუნა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ნათია ბერძენიშვილის ძალისხმევით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. არასრულწლოვანი მ.ა. დედასთან ცხოვრობს.