6 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.
აღნიშნული სიახლის შესახებ მეჯვრისხევის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს. პირველი შეხვედრა, დღეს, სოფელ ზერტში გაიმართა.
ზერტელებს სერვისით სარგებლობის პირობები განემარტათ და ბუკლეტები დაურიგდათ. საწყის ეტაპზე, მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ყოველ პარასკევს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს, სადაც, იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად, საადვოკატო სერვისსაც მიიღებენ.
დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 17 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააფორმეს. უახლოეს პერიოდში, მეჯვრისხევის გარდა, უფასო იურიდიული კონსულტაცია შორაპნისა და გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრებში გახდება ხელმისაწვდომი.