Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ თამარ კუპატაძის დახმარებით სოციალურად დაუცველი ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე საქართველოს მოქალაქე ძ. შ.–ს ინტერესებს იცავდა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე დავაში – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით.  
 
აღსანიშნავია, რომ  ძ. შ. არის ეკო–მიგრანტი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი პირი. 2007 წელს გიორგიწმინდას დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია და მას შემდეგ, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თუნუქით შეკრულ 10კვ.მ ფართში, რომელსაც მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია. ძ.შ. –მ რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა ინსტანციას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე - მათ შორის,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძ. შ. –ს ოჯახი  ამ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას. 

სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა საკითხის მოსაგვარებლად მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების  ბიუროს.  კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ ბენეფიციარ ძ.შ–ს შეუდგინა სარჩელი ზემოაღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად. შემგომ ეტაპზე  სასამართლოს  განჩინებით, ბენეფიციარს დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ კუპატაძე.
 
 ადვოკატმა ბენეფიციარ ძ.შ.–ს საქმეზე განახორციელა წარმომადგენლობა სასამართლოში. 2018 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სრულად დაკამაყოფილდა  ძ.შ.–ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ზემოხსენებული გადაწყვეტილება და  სამინისტროსვე დაევალა,  გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი სოციალურად დაუცველი, ეკო–მიგრანტების ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე.