Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურში ქოლ–ცენტრი ამოქმედდა

2018  წლის 25 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ–ცენტრი ამოქმედდა. 032 292 00 55 ნომერზე დარეკვით მოქალაქეები კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღებას შეძლებენ. ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

იურიდიული დახმარების სამსახურში ქოლ–ცენტრის ამოქმედების საჭიროება მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა. 2017-2018 წლებში  გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი საგრძნობლად გაფართოვდა. მომსახურებამ მოიცვა შრომითი და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავები, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ხოლო მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ქოლ-ცენტრის ამოქმედება საშუალებას აძლევს იურიდიუილი დახმარების სამსახურს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.
 
ქოლ-ცენტრის მეშვეობით ადვოკატის რჩევის მიღებას ნებისმიერი მოქალაქე შესძლებს, მისი გადახდისუნარიანობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სრული სერვისი - მაგალითად, ადვოკატის მომსახურება და სასამართლოში წარმომადგენლობა - როგორც ადრე, მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდება.  

ქოლ–ცენტრის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, იურიდიული დახმარების სამსახურმა საკონკურსო წესით ოთხი კონსულტანტ–ოპერატორი შეარჩია, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგი გაიარეს. ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ოთხ კონსულტაციას ერთდროულად ჩაატარებენ, რაც საგრძნობლად გაზრდის ქოლ-ცენტრის ოპერატიულობასა და ეფექტიანობას.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიმართ. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების თორმეტი ბიუროსა და შვიდი საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. 

დაარსების დღიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულია 170 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ–დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონალინ პლატფორმის (ფეისბუკი, სკაიპი, ელფოსტა) საშუალებით ხორციელდება. სამსახურის  ვებგვერდზე  www.legalaid.ge და სოციალური ქსელის გვერდზე facebook/legalaid.ge მუშაობს ონლაინ–ჩათი, რომელსაც მოქალაქეები მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავენ. 

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობენ. ბოლო წლებში ამ მრავალმხრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა იურიდიული სამსახურის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე პრინციპების შესაბამისად, შეიქმნა განხილული საქმეების ქეისბანკი, განახლდა იურიდიული დახმარების სამსახურის ვებ-გვერდი და მოხდა მისი ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისათვის, გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი იურისტებისა და კონსულტანტებისათვის.
  
ევროკავშირის (EU) პროგრამა EU4Justice, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს, საქართველოსა და ევროკავშირის ჩარჩო თანამშრომლობის ნაწილია. პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობენ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციები.