Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 4 დეკემბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის  ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა ნატო ირემაძემ  შეხევდრა გამართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“–ს ბენეფიციარებთან. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბენეფიციართა მაქსიმალურად ინფორმირება, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მავნე პრაქტიკებს, რაც ოდითგანვე დანერგილი იყო ქალთა უფლებების შეზღუდვის ფონზე. როგორებიცაა, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ნაადრევი ქორწინება, იძულებით ქორწინება, საკუთრების უფლების შეზღუდვა ქალებისათვის, საოჯახო სამართლებრივი პრობლემები, ოჯახში ძალადობა და სხვა. ბენეფიციარებს განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებები და მექანიზმები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, ვადები, გამომცემი ორგანოები, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები და უამრავი სხვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბენეფიციარებმა იურისტების მხრიდან წარმოდგენილი პრეზენტაციით მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის როლის შესახებ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სფეროში, კერძოდ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური  ბენეფიციარებს უწევს, როგორც სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას, რაც მოიაზრებს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ასევე მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მიუხედავათ მათი გადახდისუნარიანობისა.

შეხვედრაზე  გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებით და ყველა შეჯერდა იმ აზრზე, რომ ყველამ თავისი თუნდაც მცირე წვლილი უნდა შეიტანოს გენდერრული ძალადობის აღსაკვეთად. იურისტების მხრიდან გაეცა პასუხები ბენეფიციართა შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და შეხვედრის ბოლოს დამსწრეთ დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და კრიტერიუმების შესახებ.