Top
ონლაინ დახმარება

 

გლობალური კამპანიის ფარგლებში მთიან აჭარაში შეხვედრა შედგა

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში  აჭარის იურიდიული დახმარების  ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ –კონსულტანტმა ირაკლი ხიმშიაშვილმა ქედის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის 28 ნოემბერს განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სოფელ წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სექსუალური შევიწროება“, რომელიც წარმოადგენს ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემას საზოგადოებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს, ასევე საუბარი იყო ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე.  

მოსახლეობას განემარტა ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებები და მექანიზმები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, ვადები, გამომცემი ორგანოები, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები, სექსუალური შევიწოების ფორმები და უამრავი სხვა.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას იურისტების მხრიდან მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის როლის შესახებ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და სექსუალური შევიწროების აღკვეთის მიზნით, კერძოდ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური უწევს ბენეფიციარებს, როგორც სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას, რაც მოიაზრებს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ასევე მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მიუხედავათ მათი გადახდისუნარიანობისა. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების, სექსუალური შევიწროებისა და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და კრიტერიუმების შესახებ.