Top
ონლაინ დახმარება

 

წონიარისის მოსახლეობა გლობალური კამპანიის საკითხებს გაეცნო

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ –კონსულტანტმა ირაკლი ხიმშიაშვილმა ქედის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის 28 ნოემბერს განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სოფელ წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

შეხვედრის მთავარი თემა იყო „სექსუალური შევიწროება“, რომელიც წარმოადგენს ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემას საზოგადოებაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს, ასევე საუბარი იყო ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე.

მოსახლეობას იურისტების მხრიდან მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის როლის შესახებ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და სექსუალური შევიწროების აღკვეთის მიზნით, კერძოდ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური უწევს ბენეფიციარებს, როგორც სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას, რაც მოიაზრებს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ასევე მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მიუხედავათ მათი გადახდისუნარიანობისა.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების, სექსუალური შევიწროებისა და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და კრიტერიუმების შესახებ.