Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა შეხვედრა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე


 იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში შესულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაეთმო. 

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა ანა რიჩიმ გახსნეს. 

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, UNHCR-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის კანონის ოფიციალური კომენტარები, ასევე ისაუბრეს თავშესაფრის პროცედურებში არსებულ ახალ ტენდენციებზე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დაცვის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საკითხებზე.

სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიმდინარე საქმეების განაწილება, ბენეფიციართა წარმოშობის ქვეყნების მიხედვით არსებული მონაცემები და ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პროცედურებისა და სასამართლოში გასაჩივრების პრაქტიკული გამოწვევები. შეხვედრის მონაწილეებს, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა  სამსახურის პრაქტიკა და მნიშვნელოვანი საქმეების მაგალითები გაუზიარეს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლიკა კობალაძემ. მან ასევე ისაუბრა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით გაიმართა.