Top
ონლაინ დახმარება

 

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა.

13 მარტს, პირველი საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ დეპუტატებს გასულ წელს იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული რეფორმები და გაწეული მომსახურების სტატისტიკა გააცნო.

მელიტონ ბენიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც, უფასო იურიდიული დახმარების ფარგლები გაფართოვდა და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხი მოიცვა. გარდა ამისა, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2016 წელს იურიდიული დახმარების ბიურო გაიხსნა სიღნაღში.

სამსახური აქტიურად მუშაობს იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგის სისტემაზე, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე – საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც მას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები – ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა.

საპარლამენტო განხილვის ფარგლებში, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამის შემდეგ კი, მელიტონ ბენიძე საქმიანობის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ორგანო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად, საგაზაფხულო სესიაზე განილავს.