Top
ონლაინ დახმარება

 

არასრულწლოვანს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მიეცა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის, ლევან ცალუღელაშვილის დახმარებით, სოციალურად დაუცველი ი.გ-ის არასრულწლოვანმა ვაჟმა სკოლაში სწავლა შეუფერხებლად განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა ბავშვის სკოლის შეცვლასთან დაკავშირებით. მეორე კლასელი ბავშვის დედამ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მამის მოთხოვნის საფუძველზე ბავშვი უნდა ამორიცხულიყო სკოლიდან, სადაც დადიოდა და უნდა ჩარიცხულიყო მოშორებით მდებარე უბნის სკოლაში - სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სწორედ ამ ახალი სკოლის მიმდებარედ გამოჩნდა საცხოვრებელი ფართი. თუმცა, დედის განცხადებით, სკოლასთან ახლოს მდებარე ნახევრად დანგრეულ ფართში სახურავიდან წყალი ჩამოდის. ამდენად, იქ არათუ არასრულწლოვნის, არამედ ზოგადად არანაირი საცხოვრებელი და ჰიგიენური პირობები არ არის. 

ადვოკატმა ლევან ცალუღელაშვილმა მოამზადა ადმინისტრაციული სარჩელი სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. პარალელურად, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რათა დავის პერიოდში მეორე კლასის მოსწავლეს არ შეზღუდვოდა განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ევლო ძველ სკოლაში. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და სოციალურად დაუცველი ი.გ-ის ვაჟი დღესაც იმავე სკოლაში სწავლობს.