Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იურიდიული დახმარების საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს

დღეს, თბილისში, იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების საბჭოში, 1 წლის ვადით, საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს. ეს გახდა კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, რომელიც, საბჭოს დანარჩენ 8 წევრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს იურიდიული დახმარების სამსახურის მართვასა და მონიტორინგში.

საბჭოს წევრის თითო კანდიდატურა იურიდიული დახმარების სამსახურის 10–მა ბიურომ წარმოადგინა. კანდიდატებმა, რომლებიც, ფარული კენჭისყრით, ბიუროებში დასაქმებულმა ადვოკატებმა გამოავლინეს, კენჭი უყარეს ერთმანეთის პროგრამებს 1 წლის განმავლობაში საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. ლალი ჩაველაშვილმა, 5 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა.

იურიდიული დახმარების ბიუროები თავიანთ წარმომადგენელს იურიდიული დახმარების საბჭოში უკვე მეოთხედ ირჩევენ. პირველად, 2014 წელს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საბჭოს წევრად თბილისის ბიუროს ადვოკატი – დავით ბოჭორიშვილი აირჩიეს. 2015 წელს იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე ადვოკატებს საბჭოში ქუთაისის ბიუროს ადვოკატი – ვალერი კვატნალიანი წარმოადგენდა. 2016 წელს კი საბჭოს წევრად თბილისის ბიუროს ადვოკატი – ზაქრო გვიშიანი აირჩიეს.

იურიდიული დახმარების საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შექმნილია 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, ასევე სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. საბჭოში, იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლის გარდა, ადვოკატთა ასოციაციის კვოტით - 3 წევრი, ასევე იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო სფეროს თითო წარმომადგენელი შედის.

საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.

იურიდიული დახმარების საბჭოს აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა: სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და მის შესრულებაზე კონტროლი, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისის გახსნისა და დახურვის თაობაზე, სამსახურის საშტატო ნუსხის, დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა აქტების დამტკიცება და სხვა.

იურიდიული დახმარების საბჭოსაბჭოს სხდომასაბჭოს წევრის არჩევნები