დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სემინარი ლტოლვილთა სამართლის საკითხებში.
საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამის დირექტორმა, ალექსანდრე სვანიძემ, მონაწილეებს გააცნო ლტოლვილთა სამართლის ის საკითხები, რომელთა დაწვრილებითი განხვილვაც მოხდება 30 იანვრისთვის დაგეგმილ ტრენინგზე. საუბარი შეეხო ლტოლვილთა საკითხებზე არსებულ კანონმდებლობას და მისი იმპლემენტაციის ძირითად პრინციპებს.
იურიდიული დახმარების სამსახურს 2016 წლის 1 იანვრიდან დაევალა სასამართლოში წარმომადგენლობის გაწევა იმ უცხოელებისათვის, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან აქვთ დავა თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეჭყვეტის საკითხებზე. ეს ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს გაეროს ასოციაცია კი ხელს უწყობენ იურიდიული დახმარების სამსახურს ლტოლვილთა სამართალის საკითხებზე ადვოკატთა გადამზადებაში.