Top

ILAC 2018

ონლაინ დახმარება

 

2018 წლის 13-15 ნოემბერს, თბილისმა უმასპინძლა მესამე საერთაშორისო კონფერენციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, აგრეთვე საერთაშორისო სამართლებრივი ფონდი (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა (OSJI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), აშშ–ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული და  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI/PROLoG) მიერ განხორციელებულ პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირი (EU), ევროსაბჭოს (CoE) პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). 

კონფერენციამ თავი მოუყარა 60-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 270-ზე მეტ დელეგატს, მათ შორის, იურიდიული დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს და პრაქტიკოსებს იუსტიციის სამინისტროებიდან, სახალხო დამცველის ოფისებიდან, ადვოკატთა ასოციაციებიდან, პროკურატურებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე - იურიდიული დახმარების გამწევ ადვოკატებს,  თემთან მომუშავე პარალეგალებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ექსპერტებს. კონფერენცია დაეყრდნო პროგრესს, მიღწეულს 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში (იოჰანესბურგში) ჩატარებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე და 2016 წელს არგენტინაში (ბუენოს-აირესში) გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, და მიეძღვნა გლობალურ გამოწვევებს ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სფეროში, კერძოდ კი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში. 

სამდღიანი განხილვა დასრულდა „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით, რომელიც შეიცავს მოწოდებას - დეკლარაციის ტექსტი ფართოდ გავრცელდეს იურიდიული დახმარების ქსელებში, ასევე მიეწოდოს მთავრობებს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, რეგიონულ კომისიებს, დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიას, ასევე - იაპონიაში (კიოტო) 2020 წლისათვის დაგეგმილ გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-14 კონგრესს, და განხილულ იქნას დისკუსიებში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 70/1 რეზოლუციით დამტკიცებული 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიზნებს ეხება. 
 

იხილეთ მეტი: