Top
ონლაინ დახმარება

 

საქართველოში განხორციელებული იურიდიული დახმარების რეფორმა საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოში განხორციელებული იურიდიული დახმარების რეფორმა განიხილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 15–17 ნოემბერს, ბუენოს–აირესში, არგენტინის მთავრობის, ILF-ის, UNDP-ის და UNODC-ის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციამ სახელწოდებით „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში“ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების, უზენაესი სასამართლოების, სახალხო დამცველის და იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების, ასევე – სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდნენ იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე, ეკატერინე ფოფხაძე, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, რომლებმაც კონფერენციის მონაწილეებს 2013–2014 წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ისრაელის, ბელორუსიის, უკრაინის და UNDP-ის ნიუ–იორკის ოფისის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ იმ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახური გამოვიდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებიდან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

რეფორმის შედეგად, იურიდიული დახმარების სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ, ერთი მაკონტროლებელი სამინისტროს ნაცვლად, იქცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო. გარდა ამისა, გაძლიერდა იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე ადვოკატების პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიები.

საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყანის მასშტაბით ფუნქციონირებს კვალიფიციური ადვოკატებით დაკომპლექტებული ოფისების ქსელი, რომელიც საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ინიციატივებს, რომელიც მოუწოდებს გაერო–ს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა თავიანთი მოქალაქეებისათვის.

ქართული დელეგაციის ვიზიტი დაფინანსებული იყო ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მიერ.