14 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გამართულ, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრაში, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ანტონიო დალ ბორგო, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტი რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის, გენერალური პროკურატურისა, სასამართლოსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
დავით სიმონიამ წარმოადგინა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ისაუბრა გამოწვევებსა და მიღწევებზე.
შეხვედრის ბოლოს, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტის მიერ გაზიარებული იქნა რეკომენდაციები ცალკეული უწყების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.