ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის 17 დეკემბერს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ-კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი გვანცა თურმანიძე შეხვდნენ ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტში არსებულ ე.წ. „ქალთა ოთახი“–ს მენეჯერებს. შეხვედრა გაიმართა კოლეჯ „ბლექსი“-ში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დამსწრეთა ინფორმირება, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მავნე პრაქტიკებს, რაც ოდითგანვე დანერგილი იყო ქალთა უფლებების შეზღუდვის ფონზე, როგორებიცაა, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ნაადრევი ქორწინება, იძულებით ქორწინება, საკუთრების უფლების შეზღუდვა ქალებისათვის, საოჯახო სამართლებრივი პრობლემები, ოჯახში ძალადობა და სხვა. საუბარი გაიმართა მსხვერპლთა დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებებსა და მექანიზმებზე, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობაზე, ვადებზე, გამომცემ ორგანოებზე, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლსა და ფუნქციებზე, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმებსა და სხვა. ასევე შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო არასრულწლოვანთა უფლებების საკითხების განხილვას, დაცვის და დაცვის მექანიზმებს. შეხვედრამ მიიღო კონკრეტული საქმეების განხილვისა და დისკუსიის ხასიათი, რომელიც გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია გასცეს ყველა დასმულ კითხვასა და წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა ატარებდა მაქსიმალურად საინფორმაციო ხასიათს, დამსწრე საზოგადოებისგან იგრძნობოდა ნაყოფიერი და ეფექტური უკუკავშირი.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის როლის შესახებ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, კერძოდ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური უწევს ბენეფიციარებს, როგორც სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას, რაც მოიაზრებს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ასევე მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, სამოქალაქო საქმის წარმოებისას მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა.