Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ძარცვის მცდელობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, დიანა ფირუმიანის, დახმარებით, ძარცვის მცდელობაში ბრალდებული თამაზ მ., რომელსაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

თამაზ მ.–ს ბრალი ედებოდა ძარცვის მცდელობაში, ჩადენილი არაერთგზის, სიცოცხლისათვის არასაშიში ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თამაზ მ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. გამოძიებაში დუმილის უფლებას იყენებდა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. როდესაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთო, უკვე დანიშნული იყო არსებითი განხილვის სხდომა. ამ ეტაპითვის, დაცვის მხარეს სასამართლოში მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ჰქონდა.

საქმეში ჩართვის შემდეგ, ადვოკატი დიანა ფირუმიანი გაეცნო საქმის მასალებს, შეხვდა ბრალდებულს და გაუწია მას კონსულტაცია. თამაზ მ. უარს ამბობდა პროკურორის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე (თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით და პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით).

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, საზოგადოებრივმა ადვოკატმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევასა და მოწმეთა დაკითხვაში. თავის დასკვნით სიტყვაში, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებათა შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი თამაზ მ.–ის ბრალეულობის დასადასტურებლად. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, დიანა ფირუმიანმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, სასამრთლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, თამაზ მ. უდანაშაულოდ სცნო და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.