Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, დევნილმა ქალმა ქონებრივი დავა მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, თეა ყაულაშვილის, ძალისხმევით,  აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ყ.–მ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივი დავა მოიგო.

დევნილმა ქალმა იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ, ლაშა შ.–მ, განაცხადა პრეტენზია იმ ბინაზე, რომელიც ნინო ყ.–მ სახელმწიფოსგან როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო. ლაშა შ.–ის მტკიცებით, ბინა შეძენილი იყო პრივატიზაციის ხელშეკრულებით, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში; შესაბამისად, წარმოადგენდა თანასაკუთრებას და ყოფილ მეუღლეებს შორის თანაბრად უნდა გაყოფილიყო.

საზოგადოებრივი ადვოკატი, თეა ყაულაშვილი არ დაეთანხმა ლაშა შ.–ის მიერ წარმოდგენილ სარჩელს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონება ნინო ყ.–ს სახელზე მხარეთა ქორწინების პერიოდში გაფორმდა, ადვოკატის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულებას, ვინაიდან სახელმწიფომ ნინო ყ.–ს, როგორც დევნილს, უძრავი ქონება აჩუქა (სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა). ჩუქებით მიღებული ქონება კი მხოლოდ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა, შესაბამისად, ლაშა შ.–ს სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებული იყო.

შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ადვოკატ თეა ყაულაშვილის მოსაზრებები და არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ლაშა შ.–ს სასარჩელო მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების ამგვარი განმარტებით, სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც ამ საქმის შედეგებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.