Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ნარკოდანაშაულისთვის ძებნილი გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის, დახმარებით, ლ.ჩ., რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთირების მოხმარების ბრალდებით იძებნებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

საქმის არსებითი განხილვის დროს, საზოგადოებრივმა ადვოკატმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში არ მიუთითა და, შესაბამისად, არ დაიკითხა ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნის შემდგენი არც ერთი ექსპერტი, რის საფუძველზეც, დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა მისი არგაზიარება. ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ეს მოთხოვნა ემყარებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის  პირველი ნაწილს, რომლის მიხედვითაც "დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპივა, შექმნა იგი ან/და ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე".

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა გიორგი მდინარძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ლ.ჩ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.