Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა სასამართლოში დავა მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს დახმარებისთვის მიმართა მოქალაქე იამზე ა.–მ, რომელსაც სურდა სასარჩელო განცხადების მომზადება მოპასუხე სს „საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ.

1994 წლის 1 ოქტომბერს, სამტრედიიდან თბილისისკენ მომავალი იამზე ა. ჩავარდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის შემადგენლობის ქვეშ. მიღებული ტრავმის შედეგად, იამზე ა.–ს გაუკეთდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, იამზე ა.–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს „საქართველოს რკინიგზას“ დაზარალებულის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, ყოველთვიურად 24.5 ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, წლების განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებას მოჰყვა პროთეზის ცვეთა, განვითარდა სიმსივნური უჯრედები, რის გამოც საჭირო გახდა კიდურის რეამპუტაცია და დამატებითი მკურნალობა. იამზე ა. იძულებული გახდა გაეღო ხარჯი, რისი ანაზღაურებაც, სინამდვილეში, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ უნდა მომხდარიყო.

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს კონსულტანტმა, ლევან ცალუღელაშვილმა, შეისწავლა საქმე და სარჩელი მოამზადა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ იამზე ა.–ს ესაჭიროებოდა მარჯვენა კიდურის პროთეზი, რომლის ღირებულება 4500 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 1997 წლიდან დღემდე, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ დაკისრებული სარჩოს ოდენობამ, მიმდინარე ინფლაციის გათვალისწინებით, დაკარგა მსყიდველუნარიანობა. ამიტომ, საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა გადასახდელი თანხის დაანგარიშება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.

შედეგად, იამზე ა.–ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს – სს „საქართველოს რკინიგზას“ მოსარჩელის სასარგებლოდ პროთეზის ღირებულების - 4500 ლარის, მკურნალობისთვის გაღებული ხარჯის - 848.25 ლარის, ყოველთვიური სარჩოს სახით 70.54 ლარის(ნაცვლად 24.5 ლარისა),  ასევე, დავალიანების სახით,  1494.14 ლარის  ოდენობის გაზრდილი სარჩოს გადახდა დაეკისრა.

იურიდიული დახმარების სამსახურის სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს უფასო სააადვვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციას უწევს. სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.