Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ შემოსავლების სამსახურს დავა მოუგო

სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ზ.ო–მ, რომელმაც სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო მომსახურებით ისარგებლა, შემოსავლების სამსახურს სასამართლოში დავა მოუგო.

ზ.ო., მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, ოჯახის რჩენის მიზნით, იძულებული გახდა სახლის წინ გაეყიდა ოჯახის წევრების  ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.  მონიტორინგის დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა განახორციელა საკონტროლო შესყიდვა და, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ზ.ო. დააჯარიმა  500 ლარით. დაჯარიმების საფუძვლად კი  ზ.ო.–ს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა მიუთითა.

ზ.ო.–მ მაშინვე გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასეთ ვითარებაში, ვინაიდან არ ჰქონდა ადვოკატის დაქირავების საშუალება, მან მიმართა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს კონსულტანტმა, ირინე ბარბაქაძემ,  ზ.ო.–ს როგორც ზეპირი კონსულტაცია, ისე იურიდიული დახმარებაც გაუწია. კერძოდ, შეუდგინა სარჩელი, რომლითაც სასამართლოსგან შემოსავლების სამსახურის მიერ ზ.ო.–სთვის დაკისრებული სახდელების გაუქმება მოითხოვა.

შედეგად, სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ზ.ო. ყოველგვარი სახდელებისგან, მათ შორის, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდისგანაც გათავისუფლდა.