Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ საქმის წარმატებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება გამოიყენა

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე 2015 წლის 24  დეკემბერიდან მცხეთის რაიონულ სასამართლოში სავალდებულო   წესით იცავდა მოქალაქე  ვ. ო. –ს   ინტერესებს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე (მარიხუანის მოხმარება) და 381–ე (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) მუხლებით ბრალდებული  ვ.ო. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას.

საქმის არსებითი განხილვის შედეგად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 7 ნოემბერს დამნაშავედ ცნო ვ. ო. და სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის(სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს) თანახმად, სასჯელის სახედ განუსაზღვრა  ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.  გარდა ამისა, მას სამი წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები.

მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული იქნა ვ.ო.–ს დაკავების შემდეგ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის  23 ივნისის განაჩენით ვ.ო–სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მას ჯარიმის გადახდა, ერთი წლით პირობითი სასჯელი და ორი წელი გამოსაცდელი ვადა დაუდგინდა. ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რაც ვ.ო.–სთვის სამი წლის ვადით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. 

ცნობილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერის  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, არაკონსტიტურციურად ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების – „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. 
ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების შემდგომ, 2017 წლის 27 დეკემბერს,  ვ.ო.–მ ადვოკატ ქეთევან თალაკვაძეს კვლავ მიმართა  კონსულტაციისთვის. მას აინტერესებდა, ახდენდა თუ არა გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ გამოტანილ  განაჩენზე. ადვოკატმა განუმარტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად  ახდენდა გავლენას განაჩენზე და  ვინაიდან მოხდა ქმედების დეკრიმინალიზაცია, ის გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისა და პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, აღუდგებოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.  ასევე შესაძლო იყო, სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსისს მესამე მუხლის (სისხლის სამართლის კანონის უკუძალა) გათვალისწინებით,  ის გათავისუფლებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლით დანიშნული სასჯელისგანაც.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ მოამზადა  შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ მოხდა  მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია  და ქმედება აღარ წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, მსჯავრდებული ვ.ო. უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელისაგან.

საბოლოოდ,  თბილისის სააპელეციო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით, სრულად დაკმაყოფილდა ადვოკატის მოთხოვნა და ვ.ო. გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ასევე, მას აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის  თანხმად  ჩამორთმეული უფლებები.