Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა მემკვიდრეობა გაიფორმა

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია აღმოიფხვრას სირთულეები, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურმა ორი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი დახმარება. ერთ–ერთი მათგანია სენაკში მცხოვრები,  სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი ლ.ბ–მ, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა  იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს. იგი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეობას ვერ ირეგისტრირებდა. გაირკვა, რომ ბენეფიციარს მემკვიდრეობის მიღების ვადა გაშვებული ჰქონდა, ამიტომ  სანოტარო ბიუროში მას მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში ვერ ეხმარებოდნენ. 

კონსულტანტმა  ნინო მინჯიამ შეაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი, შედგინა შესაბამისი განცხადება და მიმართა სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის მოთხოვნა და ბენეფიციარ ლ. ბ.–ს   შესაძლებლობა მიეცა ისევ მიემართა სანოტარო ბიუროსთვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოიფხვრა. მიმდინარე წლის აპრილში კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოციალურად დაუცველ ლ. ბ.–ს მიწის რეფორმის ფარგლებში დაურეგისტრირა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის მფლობელობაში არსებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ივლისს უკვე მთავრდება სახელმწიფო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თავიანთ  უძრავი ქონებას მარტივად იფორმებენ. სასურველია, ყველა მოქალაქემ, ვისაც უძრავი ქონების გაფორმება სჭირდება, გაიაროს აღნიშნული პროცედურა.  იურიდული დახმარების სამსახურის ყველა ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით, მზად არის კანონის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაუწიოს გადახდისუუნარო მოსახლეობას.