Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა მოეხსნა

მიმიდნარე წლის მაისში წალკის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრს სამართლებრივი რჩევისთვის მიმართა წალკაში მცხოვრებმა,  სოციალურად დაუცველმა მოქალაქე ვ.კ.–მ, რომელმაც განაცხადა, რომ შსს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მას შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი –საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის შესაბამისად (ცივი იარაღის (დანის) ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე). ვ.კ.–ს დაეკისრა ჯარიმა  ორასი ლარის ოდენობით. 

წალკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა დავით გოგიჩაიშვილმა გაარკვია, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამავე დროს, არ აქვს კბილები და დანის გამოყენების გარეშე საკვების მიღება მისთვის შეუძლებელია. მანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში წარსადგენად მოამზადა საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და დაკისრებული ჯარიმის ოდენობისგან გათავისუფლების შესახებ.  თუმცა პოლიციის დეპარტამენტმა სააქმის შეწყვეტასა და საჯარიმო ქვითრის გაუქმებაზე უარი განაცხადა.

მის შემდეგ დავით გოგიჩაიშვილმა შეადგინა ახალი განცხადება, სადაც  ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვ.კ.–ს არასდროს გამოუყენებია დანა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან აშკარა საფრთხის შექმნის მიზნით, არასდროს ყოფილა შემჩნეული რაიმე სახის სამართალდარღვევაში და მიმართა სასამართლოს. განცხადებას თან დაერთო ექიმი–სტომატოლოგის ცნობაც.

2018 წლის ოქტომბრის თვეში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, ასევე, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დადგენილება და საქმე შეწყდა. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი 200–ლარიანი ჯარიმისაგან გათავისუფლდა.

ადმინისტრაციული ჯარიმა