Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატთა პროფესიულ დღეს იურიდიული დახმარების სამსახური ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტით ხვდება

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე, რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა გადახდისუუნარო  ბენეფიციარ ლევან.ყ-ს ინტერსებს. იგი დაკავებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლევან.ყ.-ს და მასთან ერთად დაკავებულ გ.ჭ.–ს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

საქმე ეხებოდა 2018 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარემ გაასაჩივრა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით. საზოგადოებრივმა ადვოკატმა დამატებით მოიძია გამამართლებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო სათვალთავლო კამერის ჩანაწრები ნარკოლოგიური განყოფილებიდან და ალიბის მოწმეები.

ბრალდების მხარის მოთხოვნით, ორჯერ გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა. აღნიშნული სხდომა გაიმართა 2018 წლის 31 მაისს. დაცვის მხარის მოთხოვნით საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის 9 სხდომის შედეგად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული.
ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართა 13 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 31 მოწმე, მათ შორის ექსპერტები და გამომძიებლები და დაცვის მხარის 12 მოწმე.

დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ყურადღება მიაქცია ფაქტებს, რომლებითაც დასტურდებოდა რომ ბრალდებულების დაკავება მოხდა გაცილებით ადრე ვიდრე ეს დაკავების ოქმში იყო მითითებული, დაკავება მოხდა სოფელ აღაიანში და არა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ფაქტობრივად დაკავებულ პირთან ატარებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, საზოგადოებრივი ადვოკატი სულხან კომახიძე ვერ ახერხებდა დაკავებულთან შეხვედრას, მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისის რეაგირების შემდგომ მოხერხდა ადვოკატის დაკავებულთან შეხვედრა. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი არ ემთხვეოდა სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი ჩანაწერის დროს და ადგილს. ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. გამოძიება მუშაობდა მხოლოდ ერთი ვერსიით და საქმეში მინიმუმ კიდევ ორი ვერსია იყო, რომელიც არავის გადაუმოწმებია. ბრალდბულის მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება ვერ პასუხობდა უტყუარობის სტანდარტს. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ლევან. ყ.-ს მიმართ  2018 წლის 2 ნოემბერს   გამამართლებელი ვერდიქტი დაადგინა.

იურიდიული დახმარების სამსახური ყველა ადვოკატს  და უფლებადამცველს ულოცავს პროფესიულ დღეს და მრავალ წარმატებულ საქმეს უსურვებს.