თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი რამდენიმე თვის განმავლობაში ახორცილებდა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის, ნ. ღ. ა. ა.-ს ინტერესების დაცვას. ბენეფიციარის განცხადებით, იგი თავის სამშობლოში ძალიან შევიწროებული იყო და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ამიტომ იძულებული გახდა ერაყი დაეტოვებინა და საზღვარგარეთ შეეფარებინა თავი. მან დიდი წვალებით ჩამოაღწია საქართველოში და ხელისუფლებისგან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირის საქმეზე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ნ. ღ. ა. ა.-ს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა შეისწავლა საქმის მასალები, მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები და მიმართა სასამართლოს - შსს-ს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და მოპასუხე მხარეს დაავალა, კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბენეფიციარისთვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.