Top
ონლაინ დახმარება

 

ძალადობის მსხვერლის სამართლებრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ერთი თვის წინ, თბილისში მცხოვრებმა ქალბატონმა ქ.კ-მ მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს და  ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საქმეში დახმარება ითხოვა. ბენეფიციარმა, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ცირა ჯგერენაიას განუცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მეუღლისაგან განიცდიდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. საფრთხე ისევ არსებობდა და სურდა როგორმე თავიდან აეცილებინა.

ცირა ჯგერენაიამ, რომელიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სპეციალიზებული ადვოკატია, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან და  პროკურატურისაგან გამოითხოვა მტკიცებულებები და მიმართა სასამართლოს -  ექვსი თვის ვადით „დამცავი“ ორდერის გამოცემის მოთხოვნით.  მოპასუხე მხარემ და მისმა დამცველმა  სასამართლო პროცესზე უარყვეს  ძალადობის ფაქტი, ტრავმების შესახებ კი განაცხადეს, რომ   ქ. კ. თავად დაეჯახა ფანჯრის რაფას.

სასამართლო დაეყრდნო  საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გაითვალისწინა ახსნა-განმარტება, არგუმენტები და ცირა ჯგერენაიას მოთხოვნა დააკმაყოფილა სრულად: გამოიცა „დამცავი“ ორდერი ბენეფიციარ ქ. კ-ს ძალადობისაგან დაცვის მიზნით,  მოძალადე მეუღლეს აეკრძალა 6 თვის განმავლობაში მსხვერპლთან მიახლოება და ნებისმიერი სახით  კომუნიკაციის დამყარება. 

გარდა ამისა, გრძელდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ქ. კ-ს სამართლებრივი დახმარება - განქორწინების  საქმეში ბენეფიციარს სასამართლოში წარმომადგნელობას კვლავ ადვოკატი ცირა ჯგერენაია გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვლიდან იურიდიული დახმარების სამსახური, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. მსვერპლებს შეუძლიათ თავიანთი უფლებების  დასაცავად მოგვმართონ სატელეფონო ცხელი ხაზით: 292 00 55; ან ონალინ-რეჟიმში: ვებგვერდი www.legelaid.ge; Skyp:legalaid.ge; FB - legalaid.ge.