Top
ონლაინ დახმარება

 

სომალელ გოგონას ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი გაუჩნდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მაია დადვანი და თამარ კუპატაძე რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდნენ 23 წლის სომალელი გოგონას  ქ.მ.ნ.-ს ინტერესებს, რომელმაც სამშობლო რამდენიმე წლის წინ დატოვა მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმისა და შემდგომი საფრთხის გამო. გოგონამ თავი ჯერ გაერთიანებულ საემიროებს შეაფარა, შემდეგ კი საქართველოში ჩამოაღწია და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, სამინისტროში საქმის განხილვის დასრულებამდე ქ.მ.ნ–მა  გამოიხმო განცხადება იმ მიზეზით, რომ აპირებდა სხვა ქვეყანაში წასვლას, მაგრამ ვინაიდან ვერ მოახერხა საქართველოდან გასვლა, განმეორებით ისევ მიმართა სამინისტროს და მოითხოვა თავშესაფარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბენეფიციარს დაუსაბუთებლად უარი უთხრა განმეორებით განცხადების რეგისტრაციასა და განხილვაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ  დაცვის მხარის  პოზიცია და ბენეფიციარის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თუმცა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის განხილვა რამდენიმე თვე გაგრძელდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და ამავე სამინისტროს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სომალელი გოგონასთვის ლტოვლილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ.