Top
ონლაინ დახმარება

 

სასამართლომ გადაწყვეტილება სომალელი ბენეფიციარის სასარგებლოდ მიიღო.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე ახორციელებდა სომალის მოქალაქის, ჰ. მ. ჰ.-ს ინტერესების დაცვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან დავაში.  ბენეფიციარი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, რომ სომალელმა ბენეფიციარმა თავდაპირველად 2016 წლის 15 თებერვალს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოში თავშესაფარი, რომელმაც განიხილა მისი საქმე და უარი უთხრა მოთხოვნაზე. 2018 წლის 20 თებერვალს ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო მისი საკითხის ხელახლა განხილვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განცხადების წარმოებაში ხელახალ მიღებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული უარი გასაჩივრდა სასამართლოში და ამავედროს მოთხოვნილ იქნა მისთვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატ თამარ კუპატაძის პოზიცია და 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა -  ბათილად ცნო სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი და დაავალა, თავიდან განეხილა ჰ.მ.ჰ.-ს განცხადება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გასაჩივრდა მეორე ინსტანციის სასამართლოში. 2019 წლის იანვარში, სააპელაციო  სასამართლომ  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.