მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა მცხეთაში მცხოვრებმა გადახდისუუნარო მამაკაცმა, გ.ქ.-მ. მცხეთა–მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი სასამართლოსგან ითხოვდა აღნიშნული პირისთვის მშობლის უფლება–მოვალეობების ჩამორთმევას. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მესამე პირად დავაში ჩართო ბავშვის დედა ს. გ.
მცხეთა-მთაინეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა დეტალურად გამოიკვლია მიმიდინარე დავა. მან გაარკვია, რომ 5 წლის გოგონას მშობლები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე წელში გაშორდნენ. გოგონას დედა არაბი ეროვნების მამაკაცზე გათხოვდა. დედის განმარტებით, მამა - გ.ქ. არ ზრუნვდა შვილზე, არ იხდიდა დაკისრებულ ალიმენტს, სასამართლოს მეშვეობით შეზღუდული ჰქონდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. დედას სურდა ნამდვილ მამას უარი ეთქვა მშობლის უფლებაზე. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ გოგონა მამობილთან იზრდება, საუბრობს არაბულად, იზრდება მუსულმანურად, იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანადაა მონათლული და ამიტომ სურდა ბავშვისთვის გვარის გადაკეთებაც.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიერ საქმის გამოკვლევის შედეგად არ იკვეთებოდა გ. ქ.-ს მხრიდან ისეთი ბრალეული ქმედება, რომელიც სოციალურ სააგენტოს წარმოუშობდა მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნას. კერძოდ, სარჩელის აღძვრამდე სააგენტოს მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი - არსებობდა თუ არა რეალურად, კანონით დადგენილი, მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძვლები, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სააგენტომ აღიარა, რომ არ არსებობდა არც ძალადობის ფაქტი და არც ამორალურ საქციელი ბავშვის მიმართ. მამა ბავშვს არასოდეს მოქცევია უხეშად, არ ჰყავდა ჩაბმული ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში (მათხოვრობა, მაწანწალობა), არ არსებობდა პოლიციის მიერ გამოკვეთილი ძალადობის ფაქტი. გ. ქ.-ს მიმართ არ გამოცემულა არც შემაკავებელი და არც დამცავი ორდერი.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ დამატებითი წერილობითი მტკიცებულებების სახით წარმოადგინა გ.ქ.-ს მეზობელთა დადებითი დახასიათება და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სასამართლომ დაურთო საქმეს. ადვოკატის მხრიდან გამახვილდა ყურადღება ბავშვის ინტერესებზე, რომელიც დაცილია „გაეროს კონვენციით ბავშვთა უფლებების შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტებით.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანი და დედის სურვილი - ბიოლოგიურ მამას ჩამოართვან მშობლის უფლება, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ბავშვს უკეთესს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებდა, ვერ დაიცავდა მის უფლებებს, უსაფრთხოებას და ღირსებას. მან ასევე მოიშველია კონკრეტული მაგალითები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდანაც.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, არასრულწოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და დაადგინა რომ არ არსებობს გ.ქ.-სთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა–მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამჟამად გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.