თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტს, ლევან ცალუღელაშვილს დახმარებისთვის მომართა მოქალაქე თ. ს.-მ, რომელსაც სურდა პასუხისმგებლობა დაკისრებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის დამფუძნებელს, წარმოშობით თურქ ექიმს, რ. ა.-ს, რადგან, ბენეფიციარის განმარტებით, აღნიშნულმა ექიმმა განზრახ არასწორი დიაგნოზი დაუსვა და დაარწმუნა რომ საჭირო იყო თვალზე სასწრაფო ოპერაციის გაკეთება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თ.ს. მხედველობას დაკარგავდა. ექიმმა ასევე უთხრა, რომ კონკრეტულად უნდა შესრულებულიყო ე.წ. „ვიტრექტომია“, რაც თვალში სილიკონის ჩადგმას გულიხსმობს და ნარკოზის ქვეშ სრულდება. ოპერაციისათვის საჭირო იყო 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მოსაძიებლად, ბენეფიციარის ოჯახმა იპოთეკით დატვირთა დეიდის ბინა. ექიმმა რ. ა.-მ თავად შეიძინა ბილეთები და ორ დღეში, თ.ს. დეიდასთან ერთად წაიყვანა თურქეთში. ბენეფიციარის გადმოცემით, თურქეთში მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ ჩატარებია. რადგან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თ.ს. თვალის მდგომარეობა ისევ გართულდა. ექიმი არწმუნებდა, რომ გართულებები ბუნებრივი მოვლენა იყო და ნაოპერაციები თვალის სხეულთან შეგუებას დრო სჭირდებოდა.
თუმცა, თ.ს.-მ თავად შეიწავლა „ვიტრექტომიის“ თავისებურებები და და მიხვდა რომ მსგავსი მომსახურება არ ჩატარებია. მან თვალი გადაიმოწმა კლინიკა „მზერას“ ვიტრექტორულ ქირურგებთან და მათი დასკვნითაც დადგინდა, რომ არავითარი ოპერაცია არ იყო ჩატარებული. ბენეფიციარს სასწრაფოდ გაუკეთდა თვალში ინექცია, რადგან ცოტაც რომ დაეგვიანა, შესაძლებელი იყო თვალში სისხლდენის დაწყება.
თურქი ექიმის, რ. ა. -ს ქმედებაში შესაძლო სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის გამოვლენის მიზნით, ისანი–სამგორის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.
გარდა ამისა, იურისტ-კონსულტანტ ლევან ცალუღელაშვილის რჩევით, მის მიერვე შედგენილი განცხადებით, თ.ს.-მ მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა მათ შეესწავლათ ექიმ რ.ა.-ს სამედიცინო საქმიანობა.
აღნიშნულმა უწყებამ თავდაპირველად თ.ს-ს ბუნდოვანი პასუხი გასცა, თითქოს პაციენტი უკმაყოფილო იყო თურქეთში გაწეული მომსახურებით და აღნიშნულის შემოწმება სააგენტოს კომპეტენციას სცილდებოდა, მაგრამ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში კვლავ მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
აღნიშნული განცხადების შედეგად, სააგენტომ მიმდინარე წლის 20 მაისს, თ. ს.-ს აცნობა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, "საექიმო საქმიანობის" შესახებ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის შესაბამისად, ექიმ რ.ა.-ს ორი თვით შეუჩერდა სერტიფიკატი სპეციალობაში "ოფთალმოლოგია".