Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველმა ქალმა თავის უძრავ ქონებაზე უფლებები აღიდგინა

წყნეთში მცხოვრებმა, 83 წლის პენსიონერმა ო.მ.-მ, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირია, ერთი წლის წინ, თავისი ერთადერთი უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი გააჩუქა მისი დის შვილიშვილზე იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი იზრუნებდა მასზე. თუმცა პირობის შეუსრულებლობის გარდა, დასაჩუქრებულის მხრიდან შეიქმნა უძრავი ქონების გასხვისებისა და მოხუცის უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე, რაც ასევე ეწინააღმდეგებოდა მათ შორის არსებულ შეთანხმებას.

უიმედოდ დარჩენილმა პენსიონერმა დასახმარებლად მიმართა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, სასამართლოში ო.მ.-ს ინეტერსების დამცველად დაინიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი სალომე ნარმანია.

ადვოკატმა შეადგინა სარჩელი და „ჩუქების ხელშეკრულების“ ბათილად ცნობის მოთხოვნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამავდროულად, დასაჩუქრებული მხარე არ დასთანხმდა მორიგებას, რომლითაც მხოლოდ გაჩუქებული ქონების ნაწილის დაბრუნება იყო მოთხოვნილი. 

საბოლოოდ, სასამართლომ, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, სრულიად გაიზიარა  ადვოკატ სალომე ნარმანიას მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა და უძრავი ქონების „ჩუქების ხელშეკრულება“ გადახდისუუნარო ბენეფიციარის სასარგებლოდ გააუქმა.