Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდში მარტოხელა პენსიონერმა ქონებრივი დავა მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის  სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი ნათია ქვარცხავა თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა ზუგდიდში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პენსიონერის, ნ.კ.-ს ინტერესებს, რომელსაც სასამართლო დავა ჰქონდა თავის ძმისშვილთან და რძალთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ზუგდიდში მდებარე სახლი, რომლის ერთი მეოთხედი ნაწილი ნ.კ.-მ დედისგან მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა სახლში მცხოვრები რძალი და ძმისშვილი არ აძლევდნენ აღნიშნული ქონებით სარგებლობის და განკარგვის საშუალებას. სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფაც შეუძლებელი გახდა - მისი საგნობრივი დანიშნულების და ღირებულების შეცვლის გარეშე.

ნ.კ.- მ მეუღლესთან ერთად სხვა სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ჯერ შვილის, შემდგომ - მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკული მოვლენების გამო, მშენებლობა ვერ დასრულდა და საბოლოოდ, ნ.კ.-ს  აუშენებელ  სახლში, უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში მოუწია ცხოვრება.

საზოგადოებრივი ადვოკატის ნათია ქვარცხავას შუამდგომლობით ჩატარდა ექპერტიზა იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი  სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილების გამოყოფა მისი ღირებულების და დანიშნულების შემცირების გარეშე. ადვოკატმა სასამართლო ასევე მტკიცებულების სახით  წარუდგინა სხვადასხვა სახის დოკუმენტები და მოითხოვა ნ.კ.-ს უძრავ ქონებასადავო უძრავ ქონების  განკარგვის და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სადავო სახლი აუციონზე გაიყიდება და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება მოხდება მხარეებს  შორის თავიანთი წილების პროპორციულად.