Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დუცველ ბენეფიციარებს გაცდენილი თვეების შემწეობის ანაზღაურების შანსი გაუჩნდათ

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ვლადიმერ გამრეკელაშვილი, თითქმის ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში იცავდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების ი.ბ.–ს და გ.მ–ს ინტერესებს.

ბენეფიციარებს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე შეუწყდათ სოციალური შემწეობის მიღება და ითხოვნენ კუთვნილი თანხის - 3000-მდე ლარის, ანაზღურებას სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. საზოგადოებრივმა ადვოკატმა სარჩელით მიმართა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს  ძველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლი გამოცემა, რომლის საფუძველზეც გადახდისუუნარო ბენეფიციართა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. 

ამ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა  სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა შედეგი იგივე დარჩა. მიზეზად გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა.

ადვოკატმა  ვლადიმერ გამრეკელაშვილმა თბილისის საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმართა. დაცვის მხარემ დაარწმუნა მოსამართლეები, რომ ბენეფიციარებს გასაჩივრების ვადა გაშვებული არ ჰქონდათ,  ამავე დროს, მათ საერთოდ არ ეცნობათ წინა გადაწყვეტილების (ქულის მინიჭების თაობაზე) შესახებ.

საკასაციო სასამართლომ ი.ბ–ისა და გ.მ–ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წინა განჩინება და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, სადაც გათვალისწინებული იქნება დაცვის მხარის მოთხოვნები. 

შესაბამისად,  ბენეფიციარებს - ი.ბ–ისა და გ.მ–ს გაცდენილი თვეების  შემწეობის ანაზღაურების  შანსი გაუჩნდათ.