Top
ონლაინ დახმარება

 

ბრალდებული ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა გადახდისუუნარო პირმა, რომელმაც ითხოვა დახმარება მისი შვილის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ჟ.-ს ინტერესების დასაცავად. 

ბრალდების  მხარის მტკიცებით,  აღნიშნულმა  პირმა სწორედ პირობითი მსჯავრის დროს განმეორებით ჩაიდინა ძარცვა და ამიტომ  გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით.

ბრალდებულის ინტერესების დამცველად დაინიშნა თბილისის ბიუროს ადვოკატი გიორგი მდინარაძე. პროკურატურამ ბრალდებულს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება - ზ.ჟ. წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნებოდა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრებოდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 4 წელს მოიხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლებოდა პირობით მსჯავრად. 

დაცვის მხარემ შემოთავზებულ პირობაზე უარი განაცხადა და დავა განაგრძო. დასაცავი პირი ბრალდებას არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ დაზარალებულმა თანხა ნებაყოფლობით გადასცა, მისი თხოვნის საფუძველზე და დაპირდა, რომ ორ დღეში დაუბრუნებდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ მოიძია და გამოკითხა ფაქტის შემსწრე პირდაპირი მოწმე, რომელიც ადასტურებდა ზ.ჟ-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ბრალდების მხარემ გამოძიება წარმართა ცალმხრივად და არაობიექტურად, კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი თვითმხილველი მოწმე, მათი არსებობის მიუხედავად; სასამართლო პროცესზე წარმოადგინა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მხოლოდ ერთი მხრიდან გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც არ ჩანდა თანხის წართმევის ფაქტი. ამავე ადგილზე, მეორე  მხარესაც იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომლის ვიდეოჩანაწერი არ წარმოადგინეს. ამდენად, ბრალდებამ მტკიცებულებები ააგო მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც აცხადებდა, რომ ზ. ჟ.-მ  თანხა გასტაცა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს ბრალდების მხარემ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები (ამოცნობა, დათვალიერება და ა.შ.) დაუპირისპირა.

სასამართლოში ბრალდების მთავარი მოწმის, დაზარალებულის დეტალური დაკითხვისას, ადვოკატმა ცალსახად გამოკვეთა ის რეალური ინფორმაცია, რომლითაც სრულად გამოირიცხა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა  და  სხვა დამატებით არგუმენტებზე დაყრდნობით, მოითხოვა ზ.ჟ.-ს სრული გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.

საბოლოოდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, ზ. ჟ. დარბაზიდან გათავისუფლდა.