თბილისში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი პირი გ.კ.-ს სასამართლომ ქმედუუნაროდ აღიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, მას დაენიშნა მეურვე, თავისივე ნათესავი თ.ქ., ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.კ.-მ მხარდაჭერის მიმღების სტატუსი მიიღო და სასამართლოს წარმომადგენლობის სფეროში მის მხარდამჭერად დაინიშნა ვაკე–საბურთალოს რაიონის სოციალური მუშაკი ნ.ი.
სწორედ ამ უკანასკნელმა, 2019 წელს, ბენეფიციარის ინტერესების დასაცავად მომართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს, რათა დახმარება გაეწია უძრავ ქონებასთნ დაკავშირებულ დავაში.
გ.კ-ს ინტერესების დამცველად დაინიშნა ადვოკატი მაია დადვანი, რომელმაც გაარკვია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს, ქმედუუნარო გ.კ-ს მეურვემ - თ.ქ.-მ, ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე 110 კვ.მ. ფართის მქონე ბინა, მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, მიჰყიდა თავისსავე შვილს, ქ.ქ.-ს, რომელმაც ბინა ჯერ ორად გაჰყო, შემდეგ ერთ–ერთი ბინა იპოთეკით დატვირთა და განვადებით გაჰყიდა 80 000 აშშ დოლარად. შესაბამისად გ.კ. დარჩა უძრავი ქონების გარეშე, ღია ცის ქვეშ.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელმაც სრულად გაიზიარა ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მისი პოზიცია და სარჩელი დააკმაყოფილა სრულად - ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მამა–შვილს შორის და შესაბამისად ერთ–ერთი უძრავი ქონება, რომლის საერთო ფართი შეადგენს 41 კვ.მ. საჯარო რეესტრში კვლავ უნდა აღირიცხოს მოსარჩელე გ.კ.-ს საკუთრებაში, ხოლო მოპასუხე ქ.ქ.-ს ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკირა 80 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე გ.კ.-ს სასარგებლოდ.