Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სრულად გამართლდა

შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს მომართვის საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის  იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი სავალდებულო დაცვის წესით ჩაერთო დაბა ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვნის, გ. თ.-ს საქმეში. 

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანმა დაბა ასპინძის ერთ-ერთი ქუჩიდან ავტომობილი „სუბარუ“მოიპარა. მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალის წარდგენამდე უარი ეთქვა განრიდებაზე და 2018 წლის 20 დეკემბერს წარედგინა ბრალი ზემოხსენებული კვალიფიკაციით.

საზოგადოებრივი ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი შეხვდა ბენეფიციარს და განუმარტა მისი უფლებები, მათ შორის, განრიდებასთან დაკავშირებით. სასამართლომაც, რამდენჯერმე შესთვაზა ბრალდებულს განრიდება. თუმცა ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა უარი განაცხადა განრიდებაზე.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კეროდ, დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, დაზარალებული და მოწმის სახით ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა.
დაცვის მხარემ განმარტა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან  ქურდობა სხვისი ნივთის მოპარვას ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის განცხადებით,  გამოკვლეული მტკიცებულებებით, ავტომობილის მფლობელი იყო თავად ბრალდებული. შესაბამისად შეუძლებელი იყო ბრალდებულს თავისივე კუთვნილი ავტომობილი მოეპარა.

სასამართლო პროცესი თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა და 2019 წლის 27 ნოემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან გ. თ.-ს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.