სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატ ლალი ეუაშვილის ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შანსი გაუჩნდა.
იძულებით გადაადგილებულ ე.ბ-ს სამი შვილი ჰყავს, აქედან ერთი - შშმ პირია. ოჯახი იმერეთის ერთ-ერთი ქალაქის სამხედრო დასახლებაში, სახელმწიფოს მიერ დაურეგისტრირებელ ფართში, გაუსაძლის პირობებში, მხოლოდ ერთ ოთახშია შეყუჟული. მეოთხე სართულზე მდებარე, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე არსებულ შენობაში, შშმ პირისთვის გადაადგილებაც შეუძლებელია. ოჯახი მხოლოდ სოციალური შემწეობის იმედად არსებობს.
მას შემდეგ, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისი ბრძანებით, ე.ბ.-ს უარი განუცხადა განსახლების გადაუდებელ საჭიროებასა და ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, საქმეში ჩაერთო ადვოკატი ლალი ეუაშვილი. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება და დაარწმუნა სასამართლო სოციალურად დაუცველი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებაში.
შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა - გააუქმა აღნიშნული ბრძანება და დაავალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რითაც განხორცილდება ე.ბ-ს ოჯახს- უზრუნველყოფა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
ვულოცავთ ლალი ეუაშვილს და ბენეფიციართა სასარგებლოდ კიდევ ბევრი საქმის მოგებას ვუსურვებთ.