Top
ონლაინ დახმარება

 

მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ქურდობისთვის მსჯავრდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის, ბესიკ ტალახაძის, ძალისხმევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის მსჯავრდებული აკაკი ჩ. უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

აკაკი ჩ. ადრე ნასამართლები ამავე დანაშაულისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით და შემდეგ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, იგი მსჯავრდებული იყო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის: კერძოდ, აკაკი ჩ., თანამზრახველთან –  ალექსი ჩ.–სთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ. თბილისში მოქმედი ერთ–ერთი შპს–ის 100 ლარად ღირებულ მაგიდას.

ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარით მოითხოვა აკაკი ჩ.–ის გამართლება შემდეგი საფუძვლებით :

საქმეში იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება  ბრალდებულის - ალექსი ჩ.–ის ჩვენება, რაც არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისთვის.  დანარჩენი მტკიცებულებები წარმოადგენდნენ მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს და ვარაუდებს.

საკასაციო საჩივარში ყურადღება ასევე გამახვილდა იმაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ირიბად გამოყენებული იქნა წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი.  აღნიშნული  მტკიცებულებები უხეშად არღვევდნენ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. ასევე საჩივარში აღინიშნა, რომ ისეთი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა სანდოდ და უტყუარად, რომელთა წყაროს გადამოწმებაც შეუძლებელია. დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულება განაჩენის გამოტანისას არ გამოიყენება და შესაბამისად ვერ გადამოწმდება.

უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ ბესიკ ტალახაძის  სამართლებრივი არგუმენტები და დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი:  აკაკი ჩ.–ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და გაათავისუფლა დარბაზიდან.