2018 წლის 10 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა ტაჯიკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული სისტემის გაცნობა და შესწავლა.
სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ. მან დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სტრუქტურის, მისი მანდატის, ტერიტორიული დაფარვის, მომსახურების სტატისტიკის, წლიური ბიუჯეტის, ბენეფიციარების გადახდისუუნარობის კრიტერიუმების, ასევე იურიდიული დახმარების საბჭოს ფუნქციების შესახებ. სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებში, პრეზენტაცია გააკეთა არასრულწლოვანთათვის იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს დელეგაციის წევრებმა დასვეს რამდენიმე შეკითხვა მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებზეც მასპინძლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ტაჯიკეთისა და ბელარუსის დელეგაციების სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით. ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, ასევე OSCE-სა და UNICEF-ის ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები, ხოლო ბელარუსის დელეგაცია დაკომპლექტებულია UNICEF-ის ოფისის, კანონმდებლობისა და სამართლებრივი კვლევის ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, პროკურატურის, მინსკის საქალაქო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, შსს სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან.
ვიზიტის განმავლობაში, რომელიც 8–დან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება, დელეგაციები საქართველოში შეხვედრებს გამართავენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, მთავარი პროკურორის ოფისთან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შეხვედრები აგრეთვე დაგეგმილია შსს–ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან.