Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

იურიდიული დახმარების სამსახური დუშეთის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. ამით გაიზრდება დუშეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა.

ბოლო მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის 33 400-იანი მცხოვრებიდან 11 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია. მათგან 2 000-ზე მეტი ადამიანი გადახდისუუნარო პირია და ისინი უშუალოდ იურიდული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ ადგილობრივებს დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა აცნობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ მოსახლეობას რაჟდენ კუპრაშვილმა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მანვე გააცნო შეკრებილებს სამსახურის ახალი სერვისები, მიმოიხილა მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიგრაციის სამართლებრივი საკითხები და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც ადგილობრივებმა არაერთი პრობლემური სამართლებრივი საკითხი წამოჭრეს და აღნიშნეს, რომ დუშეთში იურიდიული სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა მათ ამ პრობლემების გადაჭრას გაუიოლებს. 

ამ დრომდე დუშეთის მოსახლეობას უფასო სამართლებრივ დახმარებას მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო უწევდა, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს და მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს.

დუშეთში გამართულ შეხვედრას მუნიცილიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.