დღეს, თბილისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის დაიწყო ორდღიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ. სწავლება, რომელსაც უძღვება ექსპერტი, ლევან მესხორაძე, ორგანიზებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის მიერ. ორდღიანი ტრენინგების სერია ორგანიზებულია საზოგადოებრივ ადვოკატთა ექვსი ნაკადისათვის და, ივლისის ბოლომდე, კიდევ ხუთი სემინარის ჩატარება იგეგმება.
სწავლების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები გაეცნობიან ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს, სისტემურ და სტრუქტურულ ხარვეზებს; განხილული იქნება ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი, მათ შორის, სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ მიმართულის დანაშაულის; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების; ექსტრადიციის, გაძევებისა და დეპორტაციის; სამართლიანი სასამართლოს; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის; ასევე უმცირესობების უფლებებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ტრენინგები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ადვოკატებს, უფრო აქტიურად გამოიყენონ ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის ნორმები და, ამ გზით, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთათვის, უზრუნველყონ დაცვის მაღალი ხარისხი.