Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური საქმიანობას გაფართოებული უფლებამოსილებით განაგრძობს

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელმაც იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილება რამდენიმე მიმართულებით გააფართოვა.

  1. ამოქმედდა 2015 წლის ივნისში მიღებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელმაც იურიდიული დახმარების სამსახურს დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განახორციელებენ არა მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულების, არამედ:
  • 18–დან 21–წლამდე ბრალდებულის დაცვას;
  • დაზარალებული არასრულწლოვნების დაცვას;
  • არასრულწლოვან მოწმეთა დაცვას, თუ მოწმე გადახდისუუნაროა;
  • ასევე არასრულწლოვანთა დაცვას იმ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ახალამოქმედებული კოდექსის შესაბამისად, სამსახურში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი.

  1. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედგო გეგმის ფარგლებში, 2015 წლის ივლისში „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევას უცხოელთათვის, საქართველოში თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებზე, ბენეფიციარის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან.
  2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, 2016 წლის 1 იანვრიდან, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს წარმომადგენლობას არამხოლოდ სასამართლოში, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებშიც.